ინტერვიუ გურამ მირზაშვილთან

გურამ მირზაშვილი, სადაზღვევო ექსპერტი

2010 წელსაც ყველაზე აქტიურად კვლავაც ჯანმრთელობის დაზღვევის სექტორი ვითარდებოდა. რატომ ვერ ვითარდება უფრო სწრაფად დაზღვევის სხვა სახეობები?

2010 წელს უკვე აშკარად  გამოიკვეთა შემდეგი  სურათი: საქართველოს  სადაზღვევო ბაზრის ძალზედ  დიდი  წილი  უკავია ჯანმრთელობის დაზღვევას  და ბევრად ნაკლები წილი  –  დაზღვევის სხვა სახეობებს. ადრე ჯანმრთელობის დაზღვევას შედარებით მოკრძალებული ადგილი ეკავა, თუმცა სადაზღვევო ბაზარიც შედარებით პატარა იყო. დაზღვევის სხვა  სახეობებს დიდი განვითარება არ ეტყობა. მაგალითად, ქონების დაზღვევის ბაზარზე ამ წელს  მნიშვნელოვანი ზრდა არ შეინიშნებოდა. კორპორატიული ქონება  დაზღვევით უკვე  დიდ წილად დაფარულია   და ამ სექტორზე დიდი მატების მოლოდინი  არც  უნდა გვქონდეს მომავალში. უზარმაზარი პოტენციალი არსებობს  საცალო გაყიდვებში, კერძო პირების ქონების დაზღვევაში. სადაზღვევო კომპანიები, ბუნებრივია, ფიქრობენ ამ მიმართულებით. პრობლემა ის არის, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის მომწიფებული იმისთვის, რომ დაბალსიხშირიანი რისკები დააზღვიოს. მარტივად რომ  ვთვათ, ქონებასთან დაკავშირებული რისკების შეგრძნება არ აქვს. ჩვენთან არ არის ტორნადოები და წყალდიდობები. მიწისძვრა არის, მაგრამ არ არის ხშირი და დამანგრეველი ძალის. სწორედ ამიტომ,  უფრო  აზღვევენ  მანქანებს, რადგანაც ამ  რისკის  უფრო  მკაფიო შეგრძნება გააჩნიათ. დაზღვევა საკმაოდ რთული სფეროა, ადამიანისგან ის მაღალ  ფინანსურ კულტურას მოითხოვს, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში სათანადო დონეზე ჯერჯერობით ვერ არის. ამას, ცხადია, ისიც  ემატება, რომ  მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს არა აქვს საკმარისი მატერიალური შესაძლებლობა, რომ  მომავალზე იფიქროს  (დაზღვევა კი სწორედ მომავალზე ფიქრსა  და ზრუნვას ნიშნავს),  მათთვის დღევანდელი, მიმდინარე ფინანსური პრობლემების გადაჭრა ბევრად უფრო პრიორიტეტულია.


ბოლო პერიოდში ავტომფლობელთა სავალდებულო პასუხისმგებლობის დაზღვევაზე საუბრები გააქტიურდა. რამდენად რეალურია ამ პროდუქტის კვლავ დანერგვა და რას შეცვლის ეს ბაზარზე?


1997 წელს საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა  პოსტსოციალისტურ არეალში, რომელმაც  ეს დაზღვევა შემოიღო. ეს იყო უაღრესად პროგრესული ნაბიჯი. ამის გამო საქართველო საკმაოდ დიდი პატივისცემით სარგებლობდა საერთაშორისო სადაზღვევო ბაზარზე. სამწუხაროდ, არც თავად  კანონი და არც მისი იმპლემენტაცია რბილად რომ ვთქვათ სრულყოფილი არ იყო. თავიდან სხვა ქვეყნებშიც მსგავსი  ვითარება იყო, თუმცა  შემდგომში მათ მოახერხეს როგორც  კანონის, ასევე მისი იმპლემენტაციის დახვეწა. ჩვენთან ეს  სამწუხაროდ არ მოხდა და 2004  წელს  მისი მოქმედება მართლაც შესაჩერებელი იყო.  ამაში ბრალი დიდ წილად ალბათ სახელმწიფოს მიუძღოდა. თავის დროზე  ამ კანონის  მიღება სადაზღვევო კომპანიების ინიციატივა  იყო და ისინი  მოქმედებდნენ  თავისი ინტერესებიდან  გამომდინარე. შემდგომში სწორედ სახელმწიფოს უნდა ეზრუნა იმაზე, რომ  გაეუმჯობესებინა კანონი და მისი იმპლემენტაციის წესი, რათა  მაქსიმალურად დაეცვა საზოგადოების ინტერესები. ძველი კანონის შეჩერების შემდეგ, ახალი   კანონი 2007 წელს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა დღემდე  არაფერი მსგავსი არ მომხდარა, რაც ძალზედ ცუდია როგორც სადაზღვევო ბაზრისთვის, ასევე  ქვეყანაში  გარკვეული ტიპის რისკების მართვის თვალსაზრისით. კანონის ამოქმედება უაღრესად დადებითად იმოქმედებს ბაზარზე და მნიშვნელოვნად გაზრდის მის მოცულობას. უნდა ვივარაუდოთ,  რომ  საზოგადოებაც დროთა განმავლობაში იგრძნობს იმ სარგებელს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება. ამ თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება კანონის ახალ შინაარსს, სადაზღვევო დაფარვის  მოცულობასა და ხარისხს, დაზღვევის ღირებულებას, რომელიც  აქტუარული გათვლების საფუძველზე უნდა დადგინდეს, კანონის იმპლემენტაციის მეთოდსა და მისი საზოგადოებისთვის მიწოდების ფორმას.

იანვრიდან სადაზღვევო სექტორი ე.წ. "შავი ყუთის", იგივე საინფორმაციო ბიუროს პროექტი გააქიურდება. რამდენად შეამცირებს ეს პრაქტიკა თაღლითობის და სხვა უკანონო ოპერაციების ალბათობას? 

ე.წ. „შავი ყუთის“  შემოღებას  საქართველოში უკვე ათწლიანი ისტორია აქვს. რასაკვირველია,  ეს დადებითი მოვლენაა, რადგანაც ერთ- ერთი მარტივი და კარგი მაგალითია სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლობის. ინდუსტრიის კონსოლიდირება საკუთარი  კორპორატიული ინტერესების დასაცავად აუცილებელია. დღეს ეს პრობლემა აშკარად ჩანს. არის  უამრავი დასარეგულირებელი პროცესი. მნიშვნელოვანია, რომ  ყველას ერთნაირად ესმოდეს გარკვეული წესები, რაც  მოაწესრიგებს ურთიერთობებს როგორც სადაზღვევო კომპანიებს , ასევე  კომპანიებსა და  კლიენტებს შორის.  „შავი ყუთის“ იდეა მდგომარეობს იმაში, რომ იქმნება  ზარალების საერთო ბაზა, სადაც მოთავსდება ინფორმაცია  მთელი ბაზრის შესახებ. მონაცემთა ბაზის საფუძველზე  მოხდება როგორც ბაზრის ანალიზი, ასევე გამოვლინდება არაკეთილსინდისიერი დამზღვევები. ბუნებრივია, საინფორმაციო  ბიურო ხელს შეუწყობს   თაღლითობის  შემთხვევების გამოვლენას რაც  დღესდღეობით სადაზღვევო ბაზრების ერთ-ერთი ყველაზე სერიოზულ პრობლემას  წარმოადგენს.

2011 წლის ბოლოს სადაზღვევო კომპანიებს თვისებრივად სრულიად ახლებურ გარემოში მოუწევთ საქმიანობა. მათ უკვე საკუთარი ჰოსპიტლებით ოპერირებაც მოუხდებათ. რამდენად შეცვლის ეს ვითარებას სადაზღვევო და სამედიცინო მომსახურების ბაზრებზე? 

ერთის მხრივ, დადებითი მოვლენაა, რომ   სადაზღვევო კომპანიებს  საკუთარი საავადმყოფოები  ექნებათ,  რადგანაც  კომპანია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ იქ სამედიცინო მომსახურების მაღალი დონე უზრუნველყოს. ბუნებრივია, სადაზღვევო კომპანიას თავის საავადმყოფოსთან ფინანსური ურთიერთობაც უფრო გამარტივებული ფორმით ექნება, რაც საზოგადოებას  ბევრ ბარიერს მოაცილებს თავიდან. მეორეს მხრივ, განვითარებულ ქვეყნებს რომ შევხედოთ,  სადაც ეს პერიოდი უკვე გავლილია, დავინახავთ, რომ  საავადმყოფო უნდა იყოს თავისთვის და სადაზღვევო კომპანია თავისთვის.  ანუ ყველამ თავისი საქმე უნდა  აკეთოს. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე მსგავსი ტიპის  შერწყმამ გამოაჩინა, რომ უარყოფითი მხარეები უფრო მეტია, ვიდრე დადებითი. მაინც მგონია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში ეს ნაწილები გაემიჯნება ერთმანეთს.

სადაზღვევო ბაზრის ზრდასთან ერთად დაზღვევის პროფესიული სწავლების პრობლემაც სულ უფრო აქტუალური ხდება. რა სიახლეებს შეიძლება ველოდოთ ამ მიმართულებით?

არსებობს ექიმის, მასწავლებლის და სხვა უამრავი პროფესია. საქართველოში მე პირადად მზღვეველის პროფესიის ოფოციალური არსებობის შესახებ არ გამიგია. უაღრესად მნიშვნელოვანია,  რომ უნივერსიტეტებში და სადაზღვევო ასოციაციის ფარგლებში დაინერგოს ამ საქმის ხარისხიანი სწავლება.  კადრების მომზადების პრობლემა ამ სფეროში საკმაოდ მწვავედ დგას და თუ  სადაზღვევო კომპანიების თანამშრომლებს  გადავხედავთ, მიხვდებით თუ რამდენად „ჭრელი“ კონტიგენტია.  ეს სულაც არ ნიშნავს იმას,რომ ისინი არაპროფესიონალები არიან და ამ სფეროში მრავალწლიანი მუშაობის შედეგად  საკმაოდ დიდი გამოცდილებაც არ დაუგროვდათ, მაგრამ საბაზისო  განათლებას მაინც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ბოლო პერიოდში სადაზღვევო ასოციაციის ინიციატივით ჩატარებულმა  ტრენინგებმაც აჩვენა, რომ სადაზღვევო საქმის შესწავლის სურვილი და მოთხოვნილება საკმაოდ მაღალია. ყველაფერს ეშველება, თუ  პრობლემას სერიოზულად მივუდგებით. პირველ რიგში გადასაჭრელია მასწავლებლების  პრობლემა. ისიც გასათვალისწინებელი ფაქტორია, რომ  სადაზღვევო ინდუსტრია განსაკუთრებით აქტიურად  ბოლო 10 წელია რაც ფუნქციონირებს რაც ალბათ არ არის  საკმარისი იმისათვის , რომ ამ პერიოდში სერიოზული საგანმანათლებლო პროცესი  ჩამოყალიბებულიყო. 

16.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia