აგროდაზღვევის რისკების მართვისთვის ახალი სააგენტო იქნება

USAID-ის დაფინანსებით საქართველოში ახალი პროექტი, „მმართველობა განვითარებისთვის" (G4G) დაიწყო, რომლის ერთ-ერთი მიმართულება აგროდაზღვევაა. 

G4G-ის პროექტის ფინანსებთან ხელმისაწვდომობის პოლიტიკის მრჩეველის ილია გოგიჩაიშვილის განცხადებით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი მოსავლის დაზღვევის კონცეფციის შემუშავებასთან დაკავშირებით, სადაც შედიან პარლამენტის აგრარული კომისია, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, საქართველოს სადაზღვევო ასოციაცია, კერძო სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები, G4G-ის წარმომადგენლები და სხვა ექსპერტები.

 მათივე თქმით, მიმდინარეობს მოდელზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც, შეიქმნება ახალი, საქართველოს ეროვნული სასოფლო სამეურნეო რისკების მართვის სააგენტო (NARMA), რომელიც იქნება აგროდაზღვევის საკოორდინაციო მმართველი ორგანო, ნაცვლად პროექტების მართვის სააგენტოსი და რომელიც დაადგენს პროდუქტებს და ტარიფებს, ასევე მართავს სუბსიდირებულ თანხებს, სერტიფიცირებას გაუკეთებს ზარალის შემფასებლებს და ორგანიზებას გაუკეთებს გადაზღვევას (სავალდებულო დანებაყოფლობითი).

განიხილება, რომ ახალი სააგენტო პროექტების მართვის სააგენტოს დაქვემდებარებაში იყოს.

გოგიჩაიშვილის თქმითვე, KFW-ს დავალებით Business&Finance Consulting-ის მიერ ხდება ახლა დეტალების შესწავლა, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს კონცეფციის განვითარება.

შესაბამისად, მისივე განცხადებით, დღეს კონკრეტულად არ არის ჩამოყალიბებული ტარიფები, ვინ უნდა განსაზღვროს, რამდენად იქნება სახელმწიფოს და კერძო სტრუქტურების ჩართულობა, ამ მოდელიდან გამომდინარე კი მოხდება დადგენა უკვე ზაფხულის პერიოდისკენ. ასეთი დეტალები მისივე თქმით, მაისის დასაწყისისთვის გახდება ცნობილი.

ამასთან, გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ კონცეფციის შემუშავების შემდეგ, სექტემბერში იწყება დაზღვევის შესახებ კანონის შემუშვება, რომლის მიზანი ისაა, რომ უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში მოხდეს აგროდაზღვევის ჩამოყალიბება.
მისივე თქმით, რისკების დაზღვევის მიმართულებით იგეგმება სტიქიების გადახედვა, დაწყებული პილოტური პროექტიდან მიღებული გამოცდილების შედეგად შესაბამისი რეკომენდაციები გაკეთდება სახელმწიფოსთვის, რომლის გათვალისწინებაც მოხდება. ასევე შესაძლოა შეიცვალოს დასაზღვევი კულტურების ჩამონათვალიც, გლეხხების ხელშეწყობის მიმართულებით, - აცხადებს გოგიჩაიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლებამ გასული წლის სექტემბრიდან პილოტური აგროდაზღვევის ერთ წლიანი პროექტი დაიწყო, სადაც აგროდაზღვევის ღირებულებაში სახელმწიფოს სუბსიდია 70-95%-ის ფარგლებში იყო.


 მათგან დასაზღვევი ფართობი ლიმიტირებულია და ხორბლის გარდა სხვა კულტურებზე ლიმიტი 5 ჰა არის, ხოლო ხორბალზე კი 15 ჰა.

თუმცა, 2015 წლიდან სახელმწიფომ პროექტში სუბსიდირება შეამცირა და ბიუჯეტი 5 მილიონი ლარიდან 10 მილიონამდე გააორმაგა.

მთავრობის მიერ დამტკიცებული პროექტით, სახელმწიფო სუბსიდირების მოცულობა 40%-დან 60 %-მდეა და ეს შეეხება 5 ჰექტრამდე მიწას, ხოლო ხორბლის შემთხვევაში 15 ჰექტარამდე.

გოგიჩაიშვილი აღნიშნავს, რომ 2015 წელს სახელმწიფო სუბსიდია 60%, ხოლო 2014 წელს 93% იყო.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე ხორბალზე ფიქსირებული სადაზღვევო ტარიფი - 97.5 ლარს შეადგენს, სოიოზე - 162.5 ლარს, პომიდორი - 1,020 ლარი, საზამთრო - 1,050 ლარი, ვაზი - 1,020 ლარი, ვაშლი - 1,700 ლარი, მარწყვი - 1,323 ლარი, თხილი - 429 ლარი, ხოლო მანდარინი კი 850 ლარი.


"კომერსანტი"
09.04.2015
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia