საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა ექნებათ

საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო ქვეყანაში რეგისტირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაზღვევა სავალდებულო ხდება. კანონპროექტები: „საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის" და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ" მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განიხილება.
„საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობა იქნება სავალდებულო წესით დაზღვეული და ეს მოთხოვნა იქნება გავრცელებული და აღსრულებული, ვინაიდან ჩვენ ხშირად გვაქვს ასეთი ინციდენტებიც, რომელსაც ზოგ შემთხვევაში - ადამიანის სიცოცხლის, ზოგ შემთხვევაში - ჯანმრთელობის თუ ქონების დაკარგვა სდევს თან. ამიტომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისიც უნდა დავაანონსო, რომ ჩვენ ვმუშაობთ, რომ მთლიანად მესამე პირის მიმართულებით, მესამე მხარის ვალდებულების დაზღვევა გავრცელდეს არა მხოლოდ უცხოეთში რეგისტრირებულ, არამედ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მწვანე ბარათის სისტემაში საქართველოს გაწევრიანებისთვის და იმისათვის, რომ საქართველოში მოგზაურმა უცხოელებმაც იგრძნონ თავი იმ ქვეყანაში, სადაც ვრცელდება ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში მოქმედი წესები და მესამე პირთა მიმართ ვალდებულება უნდა იყოს რაც შეიძლება ფართოდ დაზღვეული ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამასთან, პრემიერ–მინისტრის განცხადებით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. ცვლილებების მიზანია, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ისეთი გაუთვალისწინებელი, მოულოდნელი მოვლენების დროს, როდესაც ზიანი ადგება მესამე პირის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას, მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან მოსახლეობის უფრო მეტად დაცვა და მიყენებული ზარალის პრევენცია.
"ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე ხანძრის შედეგად, საკმაო ზარალი მიადგა სავაჭრო ცენტრებს, მათ მომხმარებლებს, იქ ფუნქციონირებად მცირე და საშუალო ბიზნესს. ამიტომ, შემოგვაქვს ცვლილება - სახელმწიფო შეადგენს ნუსხას და ამ ნუსხაში გათვალისწინებულ ობიექტებს, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს და მათ მფლობელებს ექნებათ სავალდებულო დაზღვევის მოთხოვნა, რათა მესამე პირების მიმართ სიცოცხლის, ჯანმრთელობის და ქონების ნაწილში მიყენებული ზიანი იყოს აუცილებელი წესით დაზღვეული", – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
"კომერსანტი"
01.06.2017
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia