„დასრულებული შენობების ფარული დეფექტების სავალდებულო დაზღვევა სადაზღვევო ინდუსტრიისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია“


„არაფერი გაუკეთებელი არ არის, მთავრია ტექნიკური ზედამხედველობა იყოს  გამართული. ეს სადაზღვევო კომპანიებისთვის ჩვეულებრივი ბიზნესია“-ასე შეაფასა  „დაზღვევის ასოციაციის“   პრეზიდენტმა  დევი ხეჩინაშვილმა ეკონომიკის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც დეველოპერებს დასრულებული შენობების ფარული დეფექტების  დაზღვევას დაავალდებულებს.
ხეჩინაშვილის ინფორმაციით,ამაზე კონსულტაციები სადაზღვევო სექტორს ეკონომიკის სამინისტროსთან დაახლოებით ნახევარი წლის წინ ჰქონდა. ამის შემდეგ ეკონომიკის სამინისტრომ პროექტზე მუშაობა გააგრძელა, თუმცა, მას შემდეგ სადაზღვევო ინდუსტრიასთან ამ თემაზე შეხვედრა აღარ ყოფილა.
როგორც  „დაზღვევის ასოციაციის“ პრეზიდენტი განმარტავს, მაშინ ყველაზე პრობლემური  საკითხი იყო ის, რომ ეს დაზღვევა შეუძლებელია ფუნქციონირებდეს კარგი ხარისხის ტექნიკური ზედამხედველობის გარეშე. შედეგად, ითქვა რომ უწყების რგოლში ასეთ სამსახურს შექმნიდნენ.
„სხვა დამატებით დეტალებს ამ დროისთვის არ ვიცნობ. გასავლელია საკითხი, რას ვაზღვევთ და რა ფასებში.არ უნდა მოხდეს ისე, რომ ჩვენ დავაზღვიოთ დაბალი ფასით და მერე დეფექტის დროს ფული არ  იყოს საკმარისი. მენაშენისთვის მთავარი პროცესი  იქნება არა დაზღვევა, არამედ ის, რომ გაჩნდება სამსახური, რომელიც  მშენებლობის მიმდინარეობს ყველა ეტაპზე შეამოწმებს. ჩვენ კი ამას დავეყრდნობით. თუ შემდგომში აღმოჩნდა, რომ ზიანი აქვს შენობას,  გვეცოდინება  ჩვენ ეს ქონება რის საფუძველზე დავაზღვიეთ“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
მისივე ინფორმაციით,სადაზღვევო კომპანიებისთვის აღნიშნული ნორმის შემოღება ხარჯიანი არ იქნება.
 „ამისთვის დამატებითი  კადრის აყვანა და შესაბამისად, დამატებითი ხარჯი  საჭირო არ იქნება. ეს ძალიან ტექნიკური დაზღვევაა, გადამზღვეველები ითხოვენ ძალიან გამართულ ზედამხედველობას. ამიტომ, ამას თავის თავზე სახელმწიფო იღებს, რაც ძალიან კარგია“-აცხადებს ხეჩინაშვილი.
რაც შეეხება რისკებს, „დაზღვევის ასოციაციის“ პრეზიდენტი განმარტავს, რომ 10 წლიან პერიოდში ეს სადაზღევვო კომპანიისთვის რისკია, თუმცა, ტექნიკური ზედამხედველობის პირობებში გაკეთებადია.
შეგახსენებთ, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ახალ რეგულაციაზე, რომელიც ობიექტის მშენებლობის პროცესში შემოწმების ვალდებულებას გულიხმობს. ახალი ნორმით, ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიქმნება რგოლი, რომელშიც იქნებიან სერთიფიცრებული კადრები და რომლებიც მშენებლობების პროცესის  მიმდინარეობას გაუწევენ ზედამხედველობას.
"კომერსანტი"
30.03.2018
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia