სადაზღვევო სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3-ჯერ გადაუსწრო

სადაზღვევო ასოციაციის ხელმძღვანელი დევი ხეჩინაშვილი 2019 წელს აფასებს და ამბობს, რომ სექტორი საგრძნობლად გაიზარდა და ტემპებით ქვეყნის ეკონომიკურ ზრდასაც კი გადაუსწრო. მისი თქმით, ეს არამარტო თანხაში, არამედ დაზღვეულთა რაოდენობაშიც აისახა.
"ისევე როგორც გასულ პერიოდში, წელსაც სადაზღვევო ბაზარი ძალიან კონკურენტული იყო და სექტორის ზრდამ ქვეყნის ეკონომიკურ ზრდას 2-3ჯერ გადაუსწრო კიდეც. ეს ფაქტია და ნიშნავს, რომ ჯერჯერობით სადაზღვევო ურთიერთობების განვითარების დონე დაბალია. სხვადასხვა სექტორში 20%-მდეც კი იყო ზრდა“,- განაცხადა მან.
ხეჩინაშვილი კონკრეტულ სექტორებსაც შეეხო და აღნიშნა, რომ გაიზარდა ავტომობილებისა და ჯანდაცვის დაზღვევის სექტორიც, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანებს კერძო დაზღვევის შეძენის შემდეგ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა უუქმდებათ.
"მიხარია, რომ 10%-ით გაიზარდა ჯანმრთელობის სექტორში დაზღვეულთა რაოდენობა მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების უმეტესობა (თუ პენსიონერი ან უმწეო არ არის) როდესაც ეზღვევა, კარგავს საყოველთაო ჯანდაცვას. აღსანიშნავია, რომ საცალო გაყიდვებში გაჩნდა ზრდა, რომელიც საყოველთაოს ამოქმედების შემდეგ გაჩერებული იყო. გაიზარდა დაზღვეული ავტომობილების რაოდენობაც, თუმცა 1 300 000 მანქანიდან 90 000-ია დაზღვეული. სექტორი პოტენციურ კლიენტებთან ძალიან ახლო კომუნიკაციაშია და გარდა ამისა, რაღაცები თავად ვითარდება, ძალიან კონკურენტული გარემოა ბაზარზე"- განაცხადა ხეჩინაშვილმა.

"bm.ge"
12.01.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia