„სავალდებულო დაზღვევა აუცილებელია, რათა მთავრობამ დაზღვევის მეშვეობით რისკების მართვა შეძლოს“

 

2019 წლის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 625 მილიონი ლარი შეადგინა. ამავე პერიოდის შედეგებით, მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ 157 მილიონი ლარი შეადგინა, ხოლო სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება თითქმის განახევრდა და 25 მილიონ ლარს გაუტოლდა.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 799 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 235 მილიონ ლარს შეადგენდა. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანიების წმინდა მოგება 42.19 მილიონ ლარს, აქტივები - 743.22 მილიონ ლარს, ხოლო კაპიტალი 221.64 მილიონ ლარს შეადგენდა.



„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნა, რომ სექტორის ზრდისთვის აუცილებელია საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაზღვევის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს, ეს კულტურა კი ძირითადად სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით ინერგება, არა იმიტომ რომ ესაა მიზანი, არამედ ამ დროს მთავრობა დაზღვევის მეშვეობით რისკებს მართავს.



„2019 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგება თითქმის განახევრდა, ეს გამოიწვია იმან, რომ ბაზარზე კონკურენცია იზრდება და ის რაც წინა წელს მომგებიანობის ძირითადი განმსაზღვრელი იყო, მაგალითად, უცხო ქვეყანაში რეგისტრირებული მანქანების დაზღვევის სისტემა, უკვე რეალობაში ჩაჯდა. გარდა ამისა, ზარალიანობამ იმატა, მათ შორის, ისეთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებით, როგორიცაა ჯანმრთელობის დაზღვევა, რასაც ბაზრის ნახევარი უჭირავს, ასევე მაღალი იყო აგროდაზღვევის ზარალი. თუმცა, ყველაზე მთავარი პრობლემა ის არის, რომ ბაზარი არ იზრდება ანუ სადაზღვევო მოცვა არ იმატებს, არ შემოდის სავალდებულო დაზღვევები, რომელიც ბევრჯერ ითქვა, თუნდაც, ავტომფლობელებთან მიმართებაში, ასევე არ ვითარდება ეკონომიკაც ისე, რომ ბუნებრივი ზრდა ამის ხარჯზე ხდებოდეს. მცირე ოდენობის ბუნებრივი ნამატი არის, მაგარამ მთავარია, რომ საქართველოს იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ დაზღვევის პროდუქტების მოხმარება გაიზარდოს, ვიცით ეს როგორ უნდა მოხდეს და რაზე არის დამოკიდებული, ეს კულტურა ძირითადად სავალდებულო დაზღვევის მეშვეობით ინერგება, არა იმიტომ რომ ესაა მიზანი, არამედ ამ დროს მთავრობა დაზღვევის მეშვეობით რისკებს მართავს. ჩვენთან ასე არ ხდება, ამიტომ გვქონდა ასეთი 2019 წელი“,- აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.



„სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელი იმ უარყოფით შედეგებზეც საუბრობს, რის წინაშეც არსებული პანდემიის პირობებში შესაძლოა სადაზრვევო სექტორი აღმოჩნდეს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ წელს დიდი გეგმები ჰქონდათ, კორონავირუსმა სიტუაცია რადიკალურად შეცვალა.



„რაც შეეხება წლევანდელ წელს, დიდი მოლოდინები და გეგმები გვქონდა, მაგრამ კორონავირუსის ფონზე გაზრდის ნაცვლად, კიდევ უფრო დიდ შემცირებას ველოდებით, განსაკუთრებით შემდეგ თვეებში. საცალო ბაზარო, რომელიც ძალიან ძლიერი არ იყო, მაგრამ ასე თუ ისე ვითარდებოდა უკან იხევს და ეკონომიკის შემცირებასაც ველოდებით, რაც რა თქმა უნდა ჩვენზეც დიდ გავლენას მოახდენს. დაზღვევის კულტურის ნაკლებად მქონე საზოგადოებაში როგორც ჩვენია, ეს მოლოდინები უფრო მეტად უარყოფითია“, - განმარტა დევი ხეჩინაშვილმა.



აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოსახლეობის 16% სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, ასევე საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7%-ია დაზღვეული. 2019 წელს 602,833 სამედიცინო დაზღვევის პოლისები იყო მოქმედი. ავტოდაზღვევის კუთხით კი, 95,758 პოლისი იყო გაყიდული.

 

22.04.2020
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia