ევროპაში დაზღვეულთა რაოდენობა პროცენტულად, საქართველოსთან შედარებით, 4-5–ჯერ მეტია - დევი ხეჩინაშვილი

„დაზღვევის დღე ეს არის პროფესიის დღე, ეს არ არის ბიზნესის დღე,  ეს არ არის სადაზღვევო  ურთიერთობების დღე“, -  ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, პროფესიული დღის  აღნიშვნა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს დაზღვევის,  როგორც პროფესიის თვითდაჯერება, ასევე, მის მიმართ განმტკიცდეს საზოგადოებრივი აღიარება.
„დაზღვევის დღის აღნიშვნა იყო დავით ონოფრიშვილის ძალიან კარგი ინიციატივა. ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩემი კოლეგების ნაწილი ამას იუმორით  უყურებდა, თუმცა, საბოლოო ჯამში  ყველას  მოეწონა და იმედი მაქვს,  მომავალ  წელს სადაზღვევო  ინდუსტრია ამ დღის მომზადებაში უფრო აქტიურად ჩაერთვება.
2 მაისს ყველაფერი ფინანსურ განათლებას უკავშირდებოდა, რაც რა საკვირველია  ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. ამ პროცესში ლიდერის როლი აქვს ეროვნულ ბანკს. მის მიერ შექმნილი პორტალია ფინედუ, სადაც საბანკო საქმიანობასთან ერთად დაზღვევაზეც არის საუბარი.  აღნიშნული პორტალი მომხმარებელს სასუალებას აძლევს ფინანსური მომსახურების პროცესი გაიაზროს,  განვითარდეს  და მიეჩვიოს“, -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა. 
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში დაზღვევის მოცვა  საქართველოსთან შედარებით 4-5ჯერ მაღალია და ამ ქვეყნების მოქალაქეები  საქართველოსთან შედარებით 4-5ჯერ უფრო მეტად დაცულები არიან.
„რასაკვირველია, ასეთი ფინანსური განათლება ეფექტურია თუ არსებობს პრაქტიკული ბმა ამ  ურთიერთობებში, ანუ რაც მეტი ადამიანია ჩართული დაზღვევაში, მით  უფრო ესმის მას  ფინანსური განათლების საჭიროება და მისგან მომავალი სიკეთე.  ამასთან, რაც მთავარია, ყველაზე ძლიერი  რეკლამა და დაზღვევის  ყველაზე ძლიერი ხელშეწყობა არის  გადახდილი ზარალები.
როდესაც, მომხმარებელი მიიღებს სადაზღვევო ანაზღაურებას მარტივად, სიამოვნებით და არა წავლებით, ეს უკვე რეკლამაა. ამ  დროს  უკვე  ფინანსური  განათლება  ძალიან მნიშვნელოვანია მთელი პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის  -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
დევი ხეჩინაშვილის თქმით სექტორი ცდილობს, რომ სავალდებულო დაზღვევის კანონი ამოქმედდეს, რადგან არ შეიძლება, რომ სავალდებულო დაზღვევა დანერგილი იყოს მთელ მსოფლიოში და არ იყოს საქართველოში.
„ის სავალდებულო დაზღვევის სახეობები, რომელიც მსოფლიოშია დანერგილი, მათი აბსოლუტური უმრავლესობა არ  გავალებს,  რომ თქვენი  ქონება დააზღვიოთ, ეს თქვენი საქმეა, მაგრამ თქვენი ქმედებით სხვა რომ  აზარალოთ, იმის ანაზღაურება და კომპენსაცია არ  უნდა იყოს  თქვენ  შეძლებაზე და შემოსავალზე დამოკიდებული.
აქედან გამოდის პროფესიული პასუხისმგებლობები, არქიტექტორმა ააშენა სახლი,  და ჩამოინგრა, ვინ უდნა  დააკომპენსიროს ის ადამიანები, ვინც აზარალა? ან თუ   ნოტარიუსს მოუვიდა  ხელშეკრულების გაფორმების დროს შეცდომა და დააზარალა ადამიანი, ვინ  უნდა დააკომპენსიროს?
საქართველოში მილიონ ნახევარი მანქანაა და მათ მფლობელებს  არავინ არ  ავალებს  მანქანის  დაზღვევას, მაგრამ მილიონი მანქანიდან 150 000  შემთხვევაა  წელიწადში,  რაც საკმაოდ დიდი ციფრია. შესაბამისად, ამ ზარალების ანაზღაურება  არ  უნდა  იყოს დამოკიდებული მძღოლის შესაძლებლობაზე. საქართველოს  გარდა  უკლებლივ  ყველა  ქვეყანაში,  გარდა  აფრიკისა რამოდენიმე ქვეყნისა და  ავსტრალიისა,  ყველგან სავალდებულოა მესამე პირის წინაშე ავტომფლობელთა პასუხისმგებლობის დაზღვევა -  აღნიშნა დევი ხეჩინაშვილმა.
მისი თქმით, სავალდებულო დაზღვევის შემთხვევაში, ბრალეულობის მიუხედავად, გამონაკლისის გარეშე ხდება ანაზღაურება. სავალდებულო დაზღვევა სოციალური პროდუქტია და ავტოსაგზაო შემთხვევის ყველა პროდუქტი კომპენსირდება.

"კომერსანტი"
16.05.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< back
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia