ტრენინგ კურსის მონაწილეებს სერთიფიკატები გადაეცემათ

დღეს, 8 თებერვალს 19 საათზე საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის ოფისში (ჩიტაიას ქუჩა 9ა, ტელეფონი 91-20-40) სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით ჩატარებული პირველი სადაზღვევო ტრენინგ-კურსის მონაწილეებს წარმატების სერტიფიკატები გადაეცემათ.
საქართველოს სადაზღვევო ასოციაციამ ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ჯანმრთელობის განმტკიცების პროექტთან (USAID Health System Support Project) პარტნიორებით უკვე რამდენჯერმე წარმატებით განახორციელა დაზღვევის პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლების და მომხმარებლის მომსახურების უფრო მაღალი სტანდარტების დანერგვის ხელშემწყობი პროფესიული სასწავლო კურსები.
თუმცა, სადაზღევო ბაზრის დინამიურმა განვითარებამ, მოსახლეობის მხრიდან დაზღვევისადმი ინტერესის მატებამ და სადაზღვევო კომპანიების მხრიდან დაზღვევის პროფესიონალებზე მუდმივად მზარდმა მოთხოვნამ დღის წესრიგში სადაზღვევო საქმის თანამედროვე, ხარისხიანი და უწყვეტი პროფესიული სწავლების აუცილებლობა დააყენა.
სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრი საქართველოს სადაზღვევო ასოციაციის მიერ შეიქმნა, რათა სადაზღვევო ბაზრის მონაწილეთა კვალიფიკაციის ამაღლება დაზღვევის უწყვეტი პროფესიული განათლების სისტემის დამკვიდრების მეშვეობით მოახდინოს.
ამჟამინდელი ტრენინგის ფარგლებში მონაწილეებმა დაზღვევის საფუძვლების ინტენსიური პროფესიული საგანმანათლებლო კურსი გაიარეს. სასწავლო კურსის ფარგლებში, რომელიც ცენტრის ეგიდით დაიგეგმა და ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, კვალიფიკაცია 5 სადაზღვევო კომპანიის - "აი-სი ჯგუფის", "ჯიპიაი ჰოლდინგის", "ვესტის", "ქართუს" და "ალფას" 25 წარმომადგენელმა აიმაღლა.
უახლოეს პერიოდში სასწავლო კურსს გაივლის კვალიფიკაციის ამაღლების მსურველთა ახალი ნაკადი. იმავდროულად, ყოველი შემდგომი ტალღის მსმენელებს მიეცემათ შესაძლებლობა, დაზღვევის საფუძვლების პარალელურად გაიარონ პროფესიული კურსები სამედიცინო დაზღვევის ზარალების მართვის, სამედიცინო დაზღვევის ანდერრაიტინგის და სხვა თემატური პროგრამებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაცილებით უკეთ მოემსახურონ კლიენტებს და წვლილი შეიტანონ როგორც საკუთარი კარიერის, ასევე სადაზღვევო კომპანიის წარმატებაში.
ამჟამად საბოლოო გადამუშავების, გაქართულების და ადგილობრივ მოთხოვნებთან ადაპტაციის პროცესშია სადაზღვევო სფეროს მაღალკვალიფიციურ უცხოელ ექსპერტებთან ერთად შექმნილი კიდევ რამდენიმე სასწავლო პროგრამა.
მათი დანერგვა სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრს მისცემს საშუალებას, 2011 წლის ბოლოსთვის მუმივმოქმედ საფუძველზე ამუშაოს და როგორც დაზღვევის პროფესიონალებს, ასევე ყველა დაინტერესებულ პირს შესთავაზოს დაზღვევის პროფესიული სწავლების, სულ მცირე, 4-5 სრულფასოვანი კურსი, რისი ნაკლებობაც ბაზარზე აშკარად თვალსაჩინოა.
ამ მხრივ, სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის და მისი პროგრამების მუდმივ რეჟიმში ამოქმედება ახალ საშუალებას უჩენს სადაზღვევო კომპანიებს, რათა მათ შეუქცევადად აამაღლონ საკუთარი თანამშრომლების პროფესიონალიზმი და, შესაბამისად, შეუფერხებლად უზრუნველყონ თავიანთი კლიენტები ხარისხიანი სადაზღვევო სერვისით.
ამავე დროს, სადაზღვევო პროფესიული განათლებისა და კონსულტირების ცენტრის ეგიდით დანერგილი დაზღვევის პროფესიული სწავლების ტრადიცია გზას გაუხსნის ნებისმიერ მსურველს, უკეთ გაერკვნენ სადაზღვევო საქმის სპეციფიკაში და, სურვილის შემთხვევაში, საკუთარი ძალები მოსინჯონ სადაზღვევო საქმიანობაში.

08.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia