გამოკითხულთა უმრავლესობა დაზღვევით კმაყოფილია(GBC)

საინფორმაციო სააგენტოს, GBC-ის მკითხველთა უმრავლესობა სადაზღვევო კომპანიის მომსახურებით კმაყოფილია. ინტერაქტიულ გამოკითხვაში - კმაყოფილი ხართ თქვენი მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით - მონაწილეობა 412 რესპოდენტმა მიიღო. ინტერაქტიული გამოკითხვა ვებ-გვერდზე http://www.gbc.ge/ 7-22 თებერვლის პერიოდში მიმდინარეობდა.
გამოკითხვის შედეგებით, რესპოდენტთა უმეტესობა (45,5%) მომსახურე სადაზღვევო კომპანიის სერვისით კმაყოფილია, გამოკითხულთა 42% სერვისით უკმაყოფილოა, 12,5% კი დაზღვეული არ არის.
ამ დროისთვის სადაზღვევო ბაზარზე საქმიანობის ლიცენზიებს 17 სადაზღვევო კომპანია ფლობს, თუმცა მათგან ერთ-ერთს ბაზარზე ოპერირება ჯერ არ დაუწყია. 16-მა სადაზღვევო კომპანიამ 2010 წლის 9 თვეში 305,076 მლნ ლარის ჯამური სადაზღვევო პრემია მიიზიდა. აქედან 71,874 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია "იმედი L International"-ზე მოდის. შესაბამისად, კომპანია ბაზრის ლიდერია და იგი ბაზრის 23,5%-იან წილს აკონტროლებს. მეორე ადგილზე 17,01%-იანი წილით "ალდაგი ბისიაია", მან ამ პერიოდში 52,040 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მიიზიდა. მესამე ადგილზე 42,533 მლნ ლარით (13,91%) "ჯიპიაი ჰოლდინგია".
როგორც ცნობილია, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტმა 5,7 მლნ ლარზე მეტი საბიუჯეტო თანხების მითვისების ბრალდებით, სადაზღვევო კომპანიების - „ალფა", „არქიმედეს გლობალ ჯორჯია", „ალდაგი ბისიაი", „იმედი L", „ირაო", „აისი ჯგუფი" და „GPI ჰოლდინგი" და სოციალური პროგრამების სააგენტოს თანამშრომლები, სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამის მიმდინარეობისას აღმოჩენილი დარღვევების გამო, დააკავა.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა ტელეკომპანიის „რუსთავი 2" ეთერში განაცხადა, რომ სადაზღვევო ბაზრის სწრაფად განვითარების ფონზე, გარკვეული ხარვეზებისგან  არავინაა დაზღვეული. მან აღნიშნა, რომ ბაზარმა ტრანსფორმაცია უმოკლეს ვადაში განიცადა და იდეალურად ვერ განვითარდებოდა. 2006 წელს, თუ ქვეყანაში 40 000 ადამიანი იყო დაზღვეული, ამ დროისთვის დაზღვეულთა რაოდენობა 1,5 მილიონია. „მნიშვნელოვანია რომ ხარვეზები დროულად აღმოიფხვრა", - განაცხადა გილაურმა.
სააგენტო GBC-იმ ინტერაქტიული გამოკითხვა საკუთარ მომხმარებლებში, ვებ-გვერდზე - http://www.gbc.ge/ ჩაატარა.
GBC-ის პროდუქტების მომხმარებლები არიან ძირითადად საქართველოს მოქალაქეები. საქართველოს მოქალაქეების ძირითადი ნაწილი თბილისის მაცხოვრებელია.

22.02.2011
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia