წელს საქართველოში დაზღვევის დღის აღნიშვნის ტრადიციას ჩაეყარა საფუძველი

2 მაისს საქართველოში დაზღვევის დღე აღინიშნება. აღნიშნულ ტრადიციას საფუძველი წელს ჩაეყარა ეროვნული ბანკის, საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის და მასთან არსებული ფინანსური განათლების პორტალ www.finedu.gov.ge-ს ინიციატივით, საქართველოს სადაზღვევო კომპანიათა ასოციაციის მხარდაჭერითა და სადაზღვევო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით. დაზღვევის დღის დაწესების იდეა ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე მსჯელობისას გაჩნდა და მიზნად დაზღვევის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ისახავს. აღსანიშნავია, რომ საქართველოში 1997 წლის 2 მაისს პირველად მოეწერა ხელი დაზღვევის შესახებ კანონს. 
დაზღვევის დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც სასტუმრო “ბილტმორში” გაიმართა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ დაზღვევის შესახებ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლებისა და ფინანსური განათლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

“ფინანსურად განათლებულ მომხმარებლებს უკეთ ესმით ფინანსური საკითხებისა და პროდუქტების არსი; აქვთ ცოდნა, უნარი და, რაც მთავარია, რწმენა, გააკეთონ ინფორმირებული არჩევანი და მიიღონ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება; იციან, თუ ვის მიმართონ დახმარების მისაღებად და იღებენ ეფექტიან გადაწყვეტილებას იმისთვის, რომ გაიუმჯობესონ ფინანსური კეთილდღეობა.  ამდენად, ფინანსური განათლების დონის ამაღლება მნიშვნელოვანია არა მარტო მომხმარებლისთვის, არამედ ფინანსური სექტორისთვისაც, რომელსაც გათვითცნობიერებულ და პასუხისმგებლიან მომხმარებელთან ექნება შეხება. საბოლოო ჯამში კი, თუ ამ ყოველივეს უფრო მასშტაბურად შევხედავთ, ქვეყნისთვისაც სასიკეთო ცვლილების მომტანი იქნება, ვინაიდან სწორედ ამგვარ პროცესში ყალიბდება თანამედროვე და ჯანსაღი ეკონომიკური გარემო,” - განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

დაზღვევის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას საქართველოს ეროვნული ბანკის, დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის, მთავრობისა და პარლემენტის, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და მედიის, სადაზღვევო კომპანიების ასოციაციისა და 18-ივე სადაზღვევო კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

ღონისძიებაზე განხორციელა ასევე, ფინედუს პლატფორმაზე დაზღვევის დღისადმი მიძღნილი კონკურსის „მეტი დაცვა და ნაკლები რისკი“ გამარჯვებულებისა და ჟიურის რჩეულების დაჯილდოება (კონკურსსა და გამარჯვებულებზე მეტი ინფორმაცია იხილეთ აქ).

დაზღვევის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალზე www.finedu.gov.ge, ასევე, შესაბამის სოციალურ ქსელებში 2 მაისიდან დაზღვევის კვირეული დაიწყება და მომხმარებლებს დაზღვევასთან დაკავშირებით არაერთი საინტერესო საგანმანათლებლო და შემეცნებითი მასალა მიეწოდება.

"ფინედუ"
03.05.2022
Bookmark this post on del.icio.usDigg this post on digg.comSubmit to PropelleSubmit this post on reddit.comShare on FacebookBookmark this post on Google
<< უკან დაბრუნება
COPYRIGHT © 2010 - 2024
CREATED BY
Neomedia